Заказать звонок

Спасибо Пожалуйста, перезвоните
Мы свяжемся с вами в ближайшее время

Заказ звонка не удалось

Заказ звонка был успешным

Наш представитель сам свяжеться с вами. Закрыт
06/30/2017

აქსისის კონსიერჟი


კონსიერჟის ხსენებისას თუ მუსიე გუსტავი გახსენდებათ ე.ი. თქვენ ნამდვილი კინომოყვარული ხართ. სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი“ სწორედ მისით ფასობს, ის ოქროს გასაღებიან სამკერდე ნიშანს ატარებს, რაც კონსიერჟების უმაღლესი დონის მაჩვენებელია, ამ ნიშნის მატარებელი მზად არის გაგიწიოთ ნებისმიერი სახის დახმარება  ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში.

 

ქართული რეალობისთვის კონსიერჟის მომსახურება სიახლეა, ისევე როგორც იმის გაცნობიერება, რომ რკინის კარს მიღმა არსებული დანარჩენი სახლი თითოეული ჩვენგანის ქონებაა და სწორედ ისეთ მოვლას საჭიროებს, როგორსაც ჩვენი ევრორემონტიანი ბინები. ბინის ყიდვისას თქვენ იძენთ როგორც კუთვნილ თეთრ კარკასულ მდგომარეობაში მყოფ ან სრულად გარემონტებულ რამდენიმე ათეულ კვადრატს, ასევე იმ საერთო ქონებას, რომელსაც  წარმოადგენს მიმდებარე მიწის ნაკვეთი, საინჟინრო-კომუნიკაციური გაყვანილობა, ვესტიბიულები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტის შახტები. ეს არ იქნება თქვენი პირდაპირი მატერიალური ქონება, თუმცა ეს არის ის სივრცე, რომელშიც თქვენი სანუკვარი ბინა მდებარეობს და მის გარეშე, ჰაერში გამოკიდებული შემოსაზღვრული ოთხი კედელი არ არსებობს.

აბაშიძის 34/36-ში მდებარე აქსისის საცხოვრებელი კომპლექსი 10 და 13 სართულიან ორ კორპუსს მოიცავს, საშუალოდ აქ 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. ორ კორპუსს ერთი საერთო სადარბაზო აქვს. შედიხართ თუ არა თავი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გგონიათ, მარჯვენა მხარეს კოხტად ჩამწკრივებული პირადი შემნახველი ყუთების დიდი კარადაა განთავსებული, სადარბაზოს ცენტრში ამაღლებულ ხის პოდიუმზე რბილი სავარძლები, პუფები და დაბალი მაგიდა, ყვითელი ტორშერი და რბილი განათება სიმყუდროვეს ქმნის, ხოლო მომღიმარი და კეთილგანწყობილი კონსიერჟი მზად არის გიმასპინძლოთ და თქვენთვის სასურველ ბინამდე ყველაზე ადვილად მისასვლელი გზა გასწავლოთ.

თათია შარაშენიძე მომავალი კვების ტექნოლოგია, ამჟამად აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ეს მისი პირველი ოფიციალური სამსახურია, რომელშიც უკვე 9 თვეა მუშაობს. ვაკანსიის გაცნობის შემდეგ, გასაუბრებაზე მოხვდა, კონკურსი გაიარა და გამოსაცდელი ვადით კონსიერჟად დაიწყო მუშაობა. ახალაშენებული სახლის ფოიეში მას ერთი მაგიდა, ლეპტოპი და გადაუდებელი და აუცილებელი სიტუაციებისათვის სპეციალური ნომრებით შევსებული ბლოკნოტი დახვდა.

პირველივე სამუშაო დღეს მთელს კორპუსში ელექტრომომარაგება შეწყდა და ლიფტში მობინადრე გაიჭედა. თათიას პირველ კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება მოუწია:  „დავრეკე ლიფტის კომპანიაში, რომ დროულად გამოეყვანათ მობინადრე, ასევე დავრეკე თელასში და გავარკვიე თუ როდის აღდგებოდა დენის მიწოდება, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობისთვის გადამეცა“. პირველივე დღეს წარმატებით დაძლეულმა სირთულემ თათიას მეტი თავდაჯერება, კომპანიას ერთგული თანამშრომელი, ხოლო აბაშიძის ქუჩაზე მდებარე აქსისის კორპუსს მომღიმარი და კომპეტენტური კონსიერჟი შესძინა.

„ზოგადად ჩაკეტილი ადამიანი ვარ, აქ კი საუბარი და კომუნიკაცია ვისწავლე, დღეში ძალიან ბევრ ადამიანს ხედავ და ეცნობი, დროთა განმავლობაში მათ ხასიათს სწავლობ, აკვირდები და ხვდები რა უყვართ და რა მოსწონთ, ეს საინტერესო პროცესია“.

ეტაპობრივად სერვისი იხვეწება და უმჯობესდება, თუ თავდაპირველად კონსიერჟს უწევდა მობინადრეებთან მოსული თითოეული სტუმრის მიგებება და მისთვის კარის გაღება, სტუმრის აცილება ლიფტით და ბინამდე მიყვანა, ახლა არსებობს დისტანიცურად კარის გაღების მობილური აპლიკაცია და ვიზიტორის ბარათი, რომლითაც  თავად შეუძლია ლიფტით ასვლა და შესაბამის ბინაში სტუმრობა.

თათიას სამუშაო მაგიდაზე ბინის ნომრების მიხედვით დახარისხებული ქვითრებია ჩამწკრივებული, აქვეა კონსიერჟთან დატოვებული სხვადასხვა ამანათი, ონლაინ მაღაზიითა შეძენილი, ფოსტით მოსული, ან სულაც სიურპრიზად მორთმეული რომელიმე მობინადრესთვის. სამსახურიდან დაბრუნებული მობინადრეები ბინაში ასვლამდე თავიანთ კუთვნილ ქვითრებსა და ამანათებს გაიყოლებენ.

საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული შენობების მომსახურების და მართვის კომპანია “ბრავა“ აქსისმა თავის ახალაშენებულ სახლებში გასულ წელს შემოიყვანა. ამჟამად ეს სერვისი აქსისის ოთხ ობიექტზეა ხელმისაწვდომი. კომპანიის მიერ სახლის მართვა სიახლეა საქართველოში, რადგანაც როგორც წესი დეველოპერის მიერ შესრულებულ სამუშაოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იბარებს, რომელიც საბოლოოდ პასუხისმგებელია სახლის მოვლაზე. ყველაზე გავრცელებული სცენარით სახლში საერთო ფართების მოვლა-პატრონობის დაწესებისთვის კრება იმართება, წესდების მიხედვით საჭიროა მობინადრეთა ორი მესამედის თანხმობა, ასევე ზოგ შემთხვევაში თავმჯდომარეს ირჩევენ, ან საერთოდ ვერ დგება კრება. თუ ამხანაგობა და მისი თავმჯდომარე არ იქნებიან აქტიურები, სახლი ცაკეულ გარემონტებულ ციხესიმაგრეებად იქცევა, რომელსაც აქვს მოუვლელი და დანაგვიანებული მიმდებარე ტერიტორია, გაუმართავი ლიფტი და მოუწესრიგებელი სადარბაზო.

დროთა განმავლობაში სახლი განიცდის ცვეთას, ამორტიზირდება, მწყობრიდან გამოდის სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც სახლის ჰარმონიულ და გამართულ არსებობას უზრუნველყოფს. ექსპლუატაციის პროცესში ჩნდება უამრავი პრობლემა, ეს შეიძლება ეხებოდეს ლიფტს, სახურავს, ინტერიერსა და ექსტერიერს, წყლის მილებს და სანიაღვრე სისტემას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი - არავის გვსურს ბნელი და დაუცველი სადარბაზო ჩვენს სახლში.

მართვის კომპანია სხვადასხვა ობიექტზე მოთხოვნის მიხედვით ახორციელებს განსხვავებულ სერვისს, თუმცა ზოგადი სურათი ერთია, ეს არის სასტუმროს ტიპის სერვისის ჩამოყალიბება საცხოვრებელ სახლებში. კონსიერჟი ერთგვარად ითავსებს ყველა იმ ფუნქციას, რაც რეცეფციასთან მდგომ თანამშრომელს ევალება. ისინი პასუხისმგებელნი არიან საერთო ფართის წესრიგზე, სისუფთავის შენარჩუნებაზე, მიმდინარე საკითხებისა და წამოჭრილი პრობლემების მართვაზე, ბინათმესაკუთრეებთან ურთიერთობაზე და მათ მიერ დასმული საკითხების გადაწყვეტაზე.

როდესაც სახლი გადადის ძილის რეჟიმზე, პროცესში ერთვება ღამის კონსიერჟი, რომელიც ამავე დროს სახლის დაცვის ფუნქციასაც ითავსებს. ამასთან, ბინის მფლობელებთან კომუნიკაცია 24 საათიანია, საჭიროების მიხედვით.

დასუფთავების სერვისი უზრუნველყოფს მთელს კორპუსში იდეალურ სისუფთავეს დღის განმავლობაში, ხოლო საღამოს საათებში აღნიშნული სისუფთავის შენარჩუნებას კონსიერჟი ადევნებს თვალს. ეს მოვალეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალადჩაბარებულ კორპუსში, სადაც ჯერ კიდევ უამრავი ბინა რემონტდება. გარემონტებული ბინის მფლობელები ვერ უნდა გრძნობდნენ თუ როგორ ხვდება სარემონტო მასალა სხვა ბინაში, მათ არ უნდა ხვდებოდეთ საერთო ფართი მოუწესრიგებელ მდგომარეობაში. 

კონსიერჟ-მომსახურება სახლს უწევს ტექნიკური მართვის  მომსახურებასაც. სახლის გადმობარებისას ხდება ყველა იმ სისტემის შემოწმება და გარანტიების ჩართვა, რომელიც აუცილებელია სახლის გამართული ექსპლუატაციისთვის, იქნება ეს ლიფტები, წყალგაყვანილობა, სანიაღვრე სისტემები, ცენტრალური კარების და პარკინგის სისტემა. 

 „ჩვენი დევიზი მარტივია: ჩვენი სერვისით ქონება ფასდება, ჩვენი მომსახურება თითოეულ მობინადრეს უმატებს ბინის ღირებულებას. 15-20 პროცენტით გაიზარდა ბინების გაქირავების საფასურიც, უცხოელებმა შეამჩნიეს, რომ არსებობს სახლი, სადაც კონსიერჟი ინგლისურ ენაზე საუბრობს და პრობლემების მოგვარება შეუძლია. მაგალითად დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, ინფორმაციის მიწოდება, რაც დიდ კომფორტს უქმნის აქ მაცხოვრებლებს“, - აღნიშნავს  კომპანია „ბრავა“-ს  ხელმძღვანელი მარიამ ასათიანი.

ასევე კონსიერჟ მომსახურებას  აქვს მეზობლებს შორის კომუნიკაციის ჩამოყალიბების და მართვის ფუნქცია. ახალ სახლში ერთმანეთისთვის უცნობი ოჯახები საერთო ღონისძიებებში ერთვებიან, საერთო ინიციატივების განხილვის პროცესში ერთმანეთს ეცნობიან და ცვლიან აზრებს, ერთად ატარებენ დღესასწაულებს და დასვენების დღეებს.

პირველი ექვსი თვის განმავლობაში აქსისი თავად უზრუნველყოფს კონსიერჟის  შემოყვანასა და მისთვის აუცილებელი ფულადი სახსრების დაფარვას. მოსახლეობამ უნდა ნახოს თუ რა სერვისზეა საუბარი, შეაფასოს ყველა ის სიკეთე, რომელიც თან ახლავს ამ მომსახურებას. ექვსი თვის შემდეგ ბინისმესაკუთრეთა სურვილის შემთხვევაში კომპანია აგრძელებს ფუნქციონირებას და გადადის თვითდაფინასებაზე.

ყველა ხარჯი გამჭვირვალეა, მესაკუთრეებისთვის დგება თვის ბიუჯეტი, სადაც გაწერილია ხარჯთაღრიცხვა, ისინი განიხილავენ და ამტკიცებენ ბიუჯეტს, მხოლოდ ამის შემდეგ და ამ ბიუჯეტის ფარგლებში ხდება როგორც მიმდინარე გადასახადების, ასევე შეთანხმებული ინიციატივების განხორციელება.

 კონსიერჟ-მომსახურება აქსისის კიდევ ერთ ობიექტზე - ჭავჭავაძის 75-ში გასული წლის დეკემბერში დაინერგა, სახლი ერთერთი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული, შესაბამისად, კონსიერჟისა და დაცვის არარსებობის პირობებში, სადარბაზოში მუდამ ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, რაც სახლის მყუდრო ყოველდღიურობაზე უარყოფითად აისახებოდა. მართვის კომპანიის შემოსვლის შემდეგ კორპუსის მაცხოვრებლებს კომფორტული და სუფთა გარემო დახვდათ, მობინადრეებიც აქტიურად ჩაერთნენ სახლის მოვლისა და ზრუნვის პროცესში.

სერვისის დახვეწასთან ერთად მომხმარებელიც იაზრებს აღნიშნული მომსახურების სიკეეთეებსა და ფუნქციებს. სახლი არ იწყება ბინის კარიდან, სახლი იწყება სადარბაზოდან, მიმდებარე რეაკრეაციული ზონიდან, იმ ქუჩიდან, რომელზეც მდებარეობს და იმ უბნიდან, რომელშიც ეს სახლი შევარჩიეთ, ყველანი ერთად კი ვუფრთხილდებით ქალაქს, რომელშიც ვცხოვრობთ.